ჩხიკვაძეს შეუზღუდეს [აშშ-ში] ვიზიტი, ვიღაცამ იკადრა მართლმსაჯულებაში ჩარევა, აღმოჩნდა, რომ მეტის კადრებაც შესაძლებელი ყოფილა | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესება, ქართული მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევაა.

ამის შესახებ კობახიძემ TV იმედის ეთერში ისაუბრა. მის თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევის ასეთი მცდელობები მანამდეც იყო, მან ამის მაგალითად ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის საქმე მოიყვანა, როცა აშშ-ის საელჩომ ის ამერიკის პროგრამიდან მოხსნა. 

"მოსამართლე ჩხიკვაძე პირდაპირ დაიბარეს, პირდაპირ მოსთხოვეს მათ ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და პირდაპირ შეუზღუდეს კონკრეტულ ვიზიტში წასვლა, რაც პირდაპირი და უხეში ჩარევაა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რაც არავის უკადრია 2012 წლის შემდეგ. მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევა ხშირად ხდებოდა 2012 წლამდე, მაგრამ 2012 წლის შემდეგ არვის უკადრია, მაგრამ იკადრა ვიღაცამ. მაშინ ჩვენ პირი მოვწმინდეთ ამ ვიღაცებს და ვთქვით, რომ ამას არ იკადრებდნენ, როგორ იკადრებდნენ ამ ყველაფერს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტის კადრებაც შესაძლებელი ყოფილა ამათი მხრიდან", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ თქვა, რომ "უცხოელი აგენტების ხელით" მიმდინარეობს სასამართლო სისტემის სტიგმატიზება და ეს ყველაფერი, მათ შორის "ეს ბოლო განცხადება, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს სახელმწიფოდ არ უყურებენ".

"ასევე შეგახსენებთ, რომ სასამართლოს სტიგმატიზაციის მცდელობა წარმოებს მთელი ამ დროის განმავლობაში, ძირითადად უცხოელი აგენტების ხელით, მაგრამ არამარტო, მაღალ დონეზე აწიეს ეს ყველაფერი. ტერმინები გამოიყენება, მათ შორის კლანი, ახლა ახალი ტერმინი შემოიტანეს კორპორატივიზმი და ა.შ. ეს არის სტიგმატიზაციის მცდელობა, საბჭოური მეთოდებით ცდილობენ დაბრენდონ სასამართლო სისტემა. აქაც არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მოხდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ეს ყველაფერი რას აჩვენებს, მათ შორის, ეს ბოლო განცხადება, სახელმწიფოდ არ გვიყურებენ, არ ცნობენ ჩვენ სახელმწიფოებრიობას და ჩვენ, რა თქმა უნდა ბოლომდე უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-მა 4 ქართველ მოსამართლეს, მათ შორის მურუსიძესა და ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი