ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენაზე ოპოზიციის პოზიციები ამ დრომდე შეუთანხმებელი რჩება. თანამოაზრეებს შორის დავის მთავარი საგანი ოლქების გადანაწილების პრინციპია. "ევროპული საქართველო" მთავარი ოპოზიციური პარტია უთმობს ყველა დიდ ქალაქს, სანაცვლოდ კი ოთხ ოლქს ითხოვს. მოლაპარაკების რესურსი ჯერჯერობით ამოწურული არა არის. თუმცა ყოფილმა თანაგუნდელებმა "ევროპულ საქართველოს" დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული კონსულტაციებისას მიღწეული შეთანხმება შეახსენებს, რომლის მიხედვითაც თბილისში საერთო კანდიდატებზე შეთანხმებული ყოფილი თანაპარტიელები, რეგიონებში დამოუკიდებლად აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას.
ყოფილ თანაგუნდელებს "ნაციონალური მოძრაობიდან" დღეს საგანგებოდ მიმართეს და შეახსენეს, რომ დასათმობი უკვე დათმეს თბილისში. ახლა რეგიონების დროა. თქვეს, რომ დედაქალაქის გარდა 22 მაჟორიტარულ ოლქზე პოლიტიკური განაცხადი დიდი ხანია გაკეთებული აქვთ. მთავარი ოპოზიციური პარტია აპირებს, რომ რეგიონებში ყველა მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს. გადაწყვეტილებას ამომრჩევლის მოლოდინით და ძლიერი კანდიდატებით ხსნიან.
ამ პასუხის მიუხედავად "ევროპული საქართველო" თავის შეთავაზებას ძალაში ტოვებს, რომ რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდნენ. გადანაწილების სქემა რამდენიმე აქვთ. მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი მაინც დიდი ქალაქების "ნაციონალური მოძრაობისთვის" დათმობაა, სანაცვლოდ "ევროპული საქართველო" ოთხ ოლქში ითხოვს თავის კანდიდატურებს. ესენია ზემო აჭარა, მარტვილი ან ფოთი, თერჯოლა /ზესტაფონი და ხონი.
"რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი, რომელიც წლებია ყველა საარჩევნო მარათონში მონაწილეობს, ამბობს, რომ წამყვანი ოპოზიციური პარტიის მიერ რეგიონებში კანდიდატების არდაყენება, პოლიტიკურად მარცხის ფორმულაა. ამიტომ ახლა "ნაციონალური მოძრაობის" უარი არ უკვირს. მისი თქმით, შანსი სწორედ ამ პარტიის კანდიდატებს აქვთ, რომ უმეტეს ოლქებში მთავარ მოწინააღმდეგე "ოცნებასთან "მეორე ტურები გაიმართონ.
უფრო შემრიგებლური პოზიცია ჰქონდა დღეს ოპოზიციური კონსულტაციების მთავარ მასპინძელს. შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ თბილისის საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება კარგი მაგალითი იყო. ახლა ოპოზიციონერებს მოუწოდებს, საერთო ბრძოლაში პარტიული ინტერსები გადადონ და სადაც შესაძლებელია რეგიონებშიც კანდიდატებზე შეთანხმებას მიაღწიონ.
რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე არასაპარლამენტო ოპოზიციის პოზიციები განსხვავებულია. ეკა ბესელია, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ოლქში თვითონაც მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ამბობს, რომ შეთანხმება რამდენიმეზე მაინც უნდა მოხერხდეს. ნინო ბურჯანაძე კი მიიჩნევს, რომ კანდიდატების შერჩევა პარტიებშიც კი რთული პროცესია, მაგრამ ახლა ყველამ საერთო ამოცანაზე უნდა იფიქროს. მიზანი ბიძინა ივანიშვილის დამაცხებაა.
საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ 2020 წელს ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს. მათგან 22 რეგიონებში და რვა თბილისში. დედაქალაქის მაჟორიტარებზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეთანხმება ნაწილობრივ მოახერხა და რვიდან ექვსი კანდიდატი უკვე დასახელებულია დამათ საარჩევნო კამპანიაც უკვე დაწყებული აქვთ.