"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს დრო მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება დაიწყოს. მან ამერიკის მხრიდან 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ეს მხოლოდ ნაბიჯების დასაწყისია.
"კიდევ მეტს მოუწევს სანქცირება, თუ ისინი ხალხის ნების გაყალბებას შეეცდებიან. მეგობრებო, ჩვენ გვერდით არის ამერიკა, ჩვენ გვერდით არის ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა და ჩვენ ერთიანობას აქვს ასეთი პასუხი მათი მხრიდან. ეს მხოლოდ ნაბიჯების დასაწყისია. ამიტომ, მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილის პირველ რიგში, შეეშვით ხალხის ნების გაყალბებას, ქართულმა ოცნებამ დაკარგა ყოველგვარი მორალური საფუძველი მას ერქვას საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ გვერდით დგას ამერიკა და ევროკავშირი და იცოდეთ, რომ თუ გააგრძელებთ ხალხის ნების გაყალბებას, შემდგომი იქნებით თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი გარემოცვა და აუცილებლად, არა უბრალოდ სანქციები არამედ კიდევ ბევრი ასე ვთქვათ, ქმედება იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მე ვფიქრობ, დღეს ჯერ კიდევ გაქვთ დრო მშვიდობიანად დაიწყოთ მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნება ხალხისთვის", - თქვა ვაშაძემ.
მან მიმართა მოქალაქეებსაც, რომ მცირე გამარჯვებების გამო არ უნდა მოდუნდნენ, რადგან "ქართული ოცნება" რუსეთთან დაკავშირებული რეჟიმია და უნდათ, ქვეყანაში რუსული ჭაობი იყოს. ვაშაძე ამბობს, რომ საბოლოო გამარჯვება მაშინ დადგება, როცა ეს რეჟიმი შეიცვლება და საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდება.
ვაშაძემ თქვა, რომ 9 აპრილს პარლამენტთან ბევრი მოქალაქე უნდა მივიდეს, რადგან ერთიანობის დემონსტრირება ის ძალაა, რომელიც საბოლოოდ გამარჯვებას მოიტანს. ცნობისთვის, 9 აპრილს პარლამენტთან აქციას მართავს "ნაციონალური მოძრაობა".