ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ, თბილისის მერიაში ეხმაურებიან.
მერიაში ამბობენ, რომ პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება იყო სრულიად შეუზღუდავი და არ იყო შემოსაზღვრული სპეციალური ნიშნით.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა თითქოს გამოიწვია 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება იყო სრულიად შეუზღუდავი და არ იყო შემოსაზღვრული სპეციალური ნიშნით.
რაც შეეხება საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულ სამუშაოს, 4 აპრილს, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე კოლეჯის, 186-ე საჯარო სკოლისა და „ლელო არენას“ ორივე მხარეს, ბილიკების მიმდებარედ დაიწყო გაველურებული ხე-მცენარეებისა და ეკალ-ბარდების სხვლა-ფორმირება. მსგავსი სამუშაოები ასევე ჩატარდა პეტრიწის ქუჩა N12 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ე.წ. წითელ ხაზებში, რადგან კორპუსის ამხანაგობის მხრიდან შემოსული იყო წერილი ტერიტორიის მოწესრიგების მოთხოვნით. ამასთან, ანალოგიური მოთხოვნა გავრცელდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში, რომელიც დიდი დიღმის მცხოვრებლებს აერთიანებს.
ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, დიდ დიღომში, ჯამში, დაახლოებით, კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე საგამოძიებო მოქმედებების შესაძლო მიმდინარეობის არანაირი ნიშანი არ არსებობდა. შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, არის სრული სიცრუე",- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი 17 მარტს ნახეს. მას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-მ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღსანიშნავია,რომ ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო" გუშინ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ, მათი ცნობით, საგამოძიებო უწყებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულის ადგილზე თბილისის მერიის ადგილობრივმა გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რამაც საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია.