"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ამერიკის მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირებამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე "ნათელი შემოიტანა". ის ამბობს, რომ არ იცნობს სატელეფონო საუბრებს, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, თუმცა ფიქრობს, რომ მასში შეიძლება "ლობისტური მოწოდებები" ყოფილიყო.
"ამ გადაწყვეტილებამ მე ვფიქრობ უფრო მეტი კითხვები დაბადა, ვიდრე რაიმე სინათლე შემოიტანა. ერთი ლეგიტიმური შეკითხვა მაქვს, საქართველოს ხალხის ინტერესებზე გადაწყვეტილებას რატომ იღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. საინტერესოა მართლაც რა კორუფციული ქეისები არის, ალბათ იმ სატელეფონო საუბრებში იყო ისეთი ან მოთხოვნა, ან მითითება, არ ვიცი ახლა მე ამ სატელეფონო საუბრებს არ ვიცნობ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მიზანი არა სასამართლოში სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება იყო, არამედ რაღაც კონკრეტული, უფრო ლობისტური შინაარსის ასე ვთქვათ, მოწოდებები", - თქვა ქადაგიშვილმა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გუშინ თქვა, რომ "ბევრი თემა აქვთ", მათ შორის სატელეფონო საუბრებში "რას ითხოვდნენ" ხელისუფლების მხრიდან. მას არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა და აღნიშნა, რომ შეიძლება მომავალში დადგეს ამ თემაზე საუბრის დრო.