სანქცირებული მოსამართლე ლევან შენგელია აშშ-ის დემოკრატიულ ღირებულებებს იწუნებს და ამბობს, რომ არც მას და არც მის ოჯახს არ აქვს სურვილი ჩავიდეს იმ ქვეყანაში, სადაც "დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია ბავშვისათვის სქესის შეცვლა":
"...დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ნიველირებულია, აღარ არსებობს. პირიქით, გამრუდებული და დაკნინებულია ყველა ის ღირებულება, რაზეც იდგა ამ ქვეყნის იდეოლოგია და, პირველ რიგში, ეს იყო სამართლიანობა და მის საფუძველზე ადამიანის უფლებების შეუვალი დაცვა, თანსწორუფლებიანობა და ა.შ. ყველაფერ ამაზე ხაზის გადასმით, გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ „მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“.
პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ „ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი „ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება" - წერს შენგელია
შეგახსენებთ, შენგელია იმ ოთხ მისამართლეს შორისაა, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. აშშ-ში ვერ ჩავლენ ვერც მათი ოჯახის წევრები.
[ფოტო: რადიო თავისუფლება]