ხელისუფლებამ დეოლიგარქიზაციას არა სპეციალური კანონით, არამედ ფუნდამენტური რეფორმების გატარებით უნდა მიაღწიოს - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" განცხადებას ავრცელებს.
"ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დეოლიგარქიზაციის მიზანს არა ერთი სპეციალური კანონით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და ფუნდამენტური სექტორული რეფორმების გატარების გზით უნდა მიაღწიოს...
ვენეციის კომისიის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციებით საქართველოსთან მიმართებაში არ დაკონკრეტებულა, დეოლიგარქიზაციის საკითხი სპეციალური კანონით უნდა მოგვარებულიყო თუ სტრუქტურული რეფორმის გატარებით, რაც სხვადასხვა რელევანტური ინსტიტუციების გაძლიერებას გულისხმობს. შესაბამისად, ვენეციის კომისიამ სისტემურად შეაფასა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და აღნიშნა, რომ ოლიგარქიული მმართველობის პრობლემის მოსაგვარებლად ორი მიდგომის გამოყენებაა შესაძლებელი - სისტემური და ე.წ. “პერსონალური”. ამ ორიდან ვენეციის კომისია უპირატესობას სისტემურ მიდგომას ანიჭებს",- ნათქვამია განცხადებაში.
განცახდებაში მიმოხილულია მულტისექტორული მიდგომა და რეფორმების საჭიროება და ნათქვამია, რომ მულტისექტორული მიდგომა ცალსახად უკეთესი გამოსავალია საქართველოსთვის, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს ძლიერი ინსტიტუტების ტრადიცია, რაც კანონის შერჩევითად აღსრულების რისკებს ზრდის.
"სუსტი ძალაუფლების განაწილების, ძალაუფლების ცენტრალიზაციისა და არაფორმალური გავლენების პირობებში დეოლიგარქიზაციის შემოთავაზებული კანონი ვერ უზრუნველყოფს დეკლარირებული მიზნის მიღწევას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კანონის მიღებაზე და შემდგომ აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები, საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსები არაფორმალურ გავლენებს ექვემდებარებიან",- წერს TI
ასევე განხილულია პერსონალური მიდგომა და ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკი, რის შესახებაც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ "ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული „პერსონალური მიდგომა” უფრო მეტად სადამსჯელო ხასიათს ატარებს..."
დასვნის სახით "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო წერს:
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე სისტემურად დაიწყოს პრობლემის მოგვარება ფუნდამენტური რეფორმებითა და სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერებით. წინააღმდეგ შემთხევაში “დეოლიგარქიზაციის მშესახებ” კანონის მიღება არათუ მოაგვარებს პრობლემას, არამედ უფრო გაამწვავებს პოლარიზაციას და გაზრდის ადამიანის უფლებათა დარღვევის, სტიგმატიზების და კანონის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ თვითნებური გამოყენების რისკებს, რაც დიდი ალბათობით ევროკავშირიდან დამატებითი კრიტიკის საფუძველი გახდება",- ვკითხულობთ განცხადებაში.