
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, თინა ბოკუჩავამ და ანი წითლიძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართეს და ისაუბრეს შალვა პაპუაშვილის მიერ შემუშავებულ აკრედიტაციის წესსა და ამ აკრედიტაციის ჟურნალისტების წინააღმდეგ სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებაზე ისაუბრეს.
როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება არის დისკრიმინაციული და უკანონო, რომელიც ემსახურება კრიტიკული მედიის გაჩუმებას.
„საუკეთესო საბჭოურ სტილში, დღეს ოლისო ბოლქვაძის დასმენის საფუძველზე, რომელიც გამოიწვია მის მიმართ კრიტიკულად დასმულმა კითხვამ კრიტიკული მედიის მიმართ, აეკრძალა ჟურნალისტური საქმიანობა და გაუუქმდა აკრედიტაცია სამ ჟურნალისტსა და მათს ოპერატორებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეთ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელების უფლება და აკრედიტაცია პარლამენტში... ჩვენ ჩვენის მხრივ მივმართავთ ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეს უფლებამოსილება სამივე ჟურნალისტს, ისევე როგორც მათ ოპერატორებს. ასევე მივმართავ სხვა პოლიტიკური პარტიების დეპუტატებს ხელი მოაწერონ აღნიშნულ წერილს, რადგან ეს არის დისკრიმინაციული და უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება კრიტიკული მედიის გაჩუმებას“. - თქვა თინა ბოკუჩავამ.
ანი წითლიძემ თქვა, რომ ამ ბრძანების გამოცემას აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივი და შალვა პაპუაშვილს მოუწოდა, რომ თუ არ გააუქმებს ამ ბრძანებას, მას ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნება პარლამენტში.
„არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს იმ ბრძანებას, რომელიც გამოსცა შალვა პაპუაშვილმა. ამას აქვს ერთადერთი პოლიტიკური მოტივი, რომ შეზღუდოს და პრაქტიკულად საქმიანობა აუკრძალოს კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს, რომ კრიტიკული კითხვები არ დაუსვან პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ ამ ბრძანების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პარლამენტში შეექმნება ძალიან დიდი დისკომფორტი“. - აღნიშნა ანი წითლიძემ
ცნობისთვის, პარლამენტში აეკრძალა ჟურნალისტური საქმიანობა და გაუუქმდა აკრედიტაცია სამ ჟურნალისტს, - თათია წოწონავას „მთავარი არხიდან“, რუსუდან დუმბაძეს „ტვ პირველიდან“ და სოფო გოზალიშვილს „ფორმულადან“, აკრძალვა შეეხო მათს ოპერატორებსაც.