
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება და ამიტომ ის მალე აღარ იარსებებს - პოსტი ამის შესახებ მედვედევმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მედვედევმა გამოაქვეყნა პოსტი სახელწოდებით "რატომ გაქრება უკრაინა? - იმიტომ რომ არავის სჭირდება" - მედვედევის განცახდება 6 პუნქტისგან შედგება და ყველა პუნქტში მედვედევი ცდილობს დაამტკიცოს, რომ უკრაინა თანამედროვე სამყაროს არ სჭირდება.
ბოლო ნაწილში ის წერს:
"უკრაინა, რომელსაც ნაცისტური ელიტა ხელმძღვანელობს, თავად მის მოქალაქეებს არ სჭირდებათ. ამიტომაც 45 მილიონიდან 20-ზე ცოტა მეტი დარჩა იქ, ამიტომ დანარჩენებს უნდათ სადმე წასვლა - საძულველ პოლონეთში, ევროკავშირში, ნატოში, სურთ გახდნენ ამერიკის 52-ე შტატი....",- წერს მედვედევი.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ამერიკელები ხელისუფლებას ადრე თუ გვიან ჰკითხავენ, რატომ აქვთ საქმე "მათთვის უცნობ ქვეყანასთან“ და არ არიან დაკავებული საშინაო პრობლემებით. ამავე პოსტში მედვედევი ამტკიცებს, რომ ევროპა გაღატაკებულია და უკრაინა არც მას სჭირდება.