
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ორშაბათს, 10 აპრილს, საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს.
ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
"რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ჩვენ ორშაბათს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით, ხელმოწერები გვექნება, ხმები გვყოფნის, ესეც ტესტი იქნება ოპოზიციისთვის და ეს იქნება იმის მტკიცებულება, თუ როგორ არის სასამართლო სისტემა, კლანი, ქართული ოცნება, კორუფციაში ნეპოტიზმში და ზოგადად მმართველობის ერთიან სქემაში ჩაბმული", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, 5 აპრილს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათ საკუთარი თანამდებობები ბოროტად გამოიყენეს.