
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აშშ-ის მხრიდან, 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, მტკიცებულებებს ითხოვს და ამბობს, რომ მეგობრობა ცალმხრივი ვერ იქნება:
"დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცუდი იქნება და პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, აღქმული იქნება ჩვენთვის და ასევე საზოგადოებისთვის სუვერენულ სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად. ასეთი დამოკიდებულება და ასეთი გადაწყვეტილებები ამ ურთიერთობებს დააზიანებს.
ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვასანქცირებთ ადამიანებს და არ გავცემთ ამ კონკრეტულ ოთხ ადამიანზე ვიზას, ვერ შევლენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არ გვეუბნებიან მიზეზი რა არის, რატომ? როდესაც საუბარია პარტნიორობაზე, მეგობრობაზე, ამას ყოველთვის აქვს ორი მხარე, ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მზად ვართ, მომავალშიც გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, უფრო საინტერესო იყოს, თუმცა როდესაც ვისმენთ გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომელსაც არა აქვს არანაირი არგუმენტაცია, არ აქვს არანაირი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კალაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლეები- მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. აკრძალვა ეხებათ მათი ოჯახის წევრებსაც. ენტონი ბლინკენის ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 5 აპრილს გახდა.