
არასამთავრობო ორგანიზაციები საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე სოფლებში მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების დაშვების აკრძალვას აპროტესტებენ. ისინი მიმართავენ მთავრობას, გააუქმოს ეს ბლანკეტური შეზღუდვა. მათი განმარტებით, უნდა შემუშავდეს ობიექტური კრიტერიუმები, რომელიც არ გასცდება გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კანონიერ ფარგლებს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, დაუშვებელია ამ უფლების შეზღუდვა, ინდივიდუალური რისკებისა და დასაბუთების გარეშე.
ჩვენ ვხედავთ, რომ დაწესებულია მიმოსვლის თვითნებური შემზღუდავი რეჟიმი. ცხადია, ჩვენ გვესმის, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეიძლება, გარკვეული ლეგიტიმური შეზღუდვები არსებობდეს, მაგრამ ეს შეზღუდვები უნდა იყოს უფლების სტანდარტებთან შესაბამისობაში, - ამბობს EMC-ის თანასწორობის პროგრამების დირექტორი თამთა მიქელაძე.
მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით ხელისუფლების წარმომადგენლები გადაადგილების შეზღუდვებს იმ მოტივით ამართლებენ, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და იმავდროულად აცილებული პროვოკაციები, თუმცა გაუგებარია უსაფრთხოებაზე საუბარი, მაშინ როცა ამ სოფლებში ასობით ადამიანი ცხოვრობს.