
აშშ რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან - ამის შესახებ ამერიკულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა. europetime-ის ინფორმაციით ამერიკულ მხარეს, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩეველი, ლუი ბონო ხელმძღვანელობდა.
"ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლის, ლუი ბონოს ხელმძღვანელობით, საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით დიალოგს მიესალმა. შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი მკაფიო ვალდებულება - ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ასევე, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუზღუდავი წვდომა და არ შეაფერხოს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები" აცხადებს ამერიკული მხარე
4-5 აპრილს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი გაიმართა. ე.წ. აფხაზეთის დელეგაციას დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ შეხვედრაზე "აფხაზური პასპორტებით" გადაადგილების შესაძლებლობა დააყენეს.
მისივე თანახმად, „შეხვედრისას „აფხაზეთის დელეგაციამ“ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოში ბოლოს განვითარებული შიდა პოლიტიკური მოვლენების გამო, რომელმაც საგარეო პოლიტიკური კონტექსტი შეიძინა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების მოწოდებებმა ე.წ მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობის შესახებ შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგები და რეგიონში დაძაბულობის ახალი ესკალაცია გამოიწვიოს“.
ამასთან დაკავშირებით, აშშ აღნიშნავს, რომ შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, ამერიკული მხარე გმობს დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო ან შეერთებული შტატები კონფლიქტის რაიმე სამხედრო გადაწყვეტის გზას ეძებენ.
„რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან მიმდინარე ბორდერიზაცია. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს ერთგულებას კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალის არგამოუყენებლობის შესახებ და გმობს დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო ან შეერთებული შტატები კონფლიქტის რაიმე სამხედრო გადაწყვეტის გზას ეძებენ“, - აღნიშნავს ამერიკული მხარე.
ცნობისთის, ჟენევის დისკუსიებს საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა. შეხვედრები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.