
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი ონოფრე ამბობს, რომ წარსულში მას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, თუმცა ამჟამად მხოლოდ უკრაინის პასპორტი აქვს.
„უკრაინული პრავდას გამოცემის კორესპონდენტის მიხაილო ტკაჩის (2023 წლის 7 აპრილს) განცხადების საპასუხოდ, რომ მე მაქვს რუსეთის მოქალაქეობა, მინდა დაუყოვნებლივ განვაცხადო, რომ თავს არ ვთვლი რუსეთის მოქალაქედ“, - წერს მიტროპოლიტი გავრცელებულ განცხადებაში.
მან აღნიშნა, რომ 1969 წელს ჩერნივცის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი კურსის დასრულების შემდეგ, სასწავლებელი მიატოვა სასულიერო სემინარიაში ჩაბარების მიზნით.
„მაშინ საბჭოთა კავშირში სამი სასულიერო სემინარია იყო: მოსკოვის, ლენინგრადის და ოდესის. როგორც უკრაინელს, მინდოდა ოდესის სასულიერო სემინარიაში ჩაბარება, მაგრამ უარი მითხრეს, რადგან უნივერსიტეტი დავტოვე.
შემდეგ ფარულად წავედი რუსეთში, ქალაქ ზაგორსკში, სადაც ცნობილი სამება-სერგიუს ლავრა და მოსკოვის სასულიერო აკადემია და სემინარიაა. იქ არ მიმიღია უარი, როგორც უკრაინაში და მიმიღეს მოსკოვის სასულიერო სემინარიის მეორე კლასში.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მე, როგორც რუსეთის დე ფაქტო მოქალაქემ (რადგან მქონდა რუსეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რაც თანამედროვე ტერმინით მოქალაქეობას ნიშნავდა), ავიღე უკრაინის პასპორტი. ამავდროულად, რუსეთის მოქალაქეობა ავტომატურად გაგრძელდა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებდა და არ გამომიყენებია, მაშინ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა და ამისთვის არავინ დამსჯიდა, უკრაინასა და რუსეთს შორის ძმური ურთიერთობა იყო, როცა ეს ურთიერთობა გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში, უარი ვთქვი რუსეთის მოქალაქეობაზე. არ მაქვს რუსული პასპორტი. ეს მაშინაც დადასტურდა, როდესაც მე დავგმე რუსული აგრესია“, აცხადებს ონოფრე და დასძენს, რომ თავს მხოლოდ უკრაინის მოქალაქედ თვლის.
ცნობისთვის, "უკრაინული პრავდას" გამოძიებით, მიტროპოლიტ ონოფრე (ორესტ ბერეზოვსკი) და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს 20-ზე მეტი სასულიერო პირი რუსეთის მოქალაქეა.
ჟურნალისტებს დასადასტურებლად რუსული რეესტრიდან ამონაწერი მოაქვთ, რომლის მიხედვითაც ონოფრემ რუსული პასპორტი მოსკოვში, 2002 წლის მარტში მიიღო.