
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს დაგეგმილ აქციაზე "ერთად ევროპაში" ისაუბრა და თქვა, რომ მთავარი მოთხოვნა უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთის გუბერნია და საქართველოში არ უნდა იყოს რუსული მთავრობა, რომელიც კრემლიდან წამოსული "მესიჯებით" საუბრობს.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ აქცია იქნება მრავალფეროვანი, რომ საქართველოს მოქალაქეები მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, ვისაც სურს ევროპული მომავალი, დღეს შევიკრიბებით და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება და ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ. მე მოვუსმინე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ისინი არათუ უერთდებიან აქციებს, არამედ არიან თანაორგანიზატორებიც. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც იქნება აქციაზე, იქნება ორგანიზატორი.
საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული, თუ ვინმეს რაიმე კომპლექსები აქვს, ეს მისი საქმეა. ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობა" ვიქნებით და ვართ ყველგან, სადაც საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა.",- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილმა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 27-მა ქვეყანამ დემარში გამოუცხადა "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ის, რომ ჩვენ ევროკავშირში გვინდა და პრეზიდენტის მკვლელებს და მწამებლებს ევროკავშირში არ მიიღებენ ამას, საქართველოს მოქალაქეები კარგად იაზრებენ.
შეგახსენებთ, რომ აქცია "ერთად ევროპაში" დღეს, 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაიწყება. აქციის მიზანი კი ევროპული არჩევანის მხარდაჭერაა.
ამავე თემაზე: