
ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას'' დამფუძნებელი დავით ქაცარავა ხელისუფლების მხრიდან შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურიდან შეუთვალეს, რომ თუ სურდა მისი ბიზნესი წარმატებული ყოფილიყო, ანტისაოკუპაციო აქტივობებისთვის თავი უნდა დაანებებინა. ქაცარავას თქმით, ისიც უთხრეს, რომ სწორედ მათი რჩევით იკავებენ თავს მის კომპანიასთან, rafting.ge-სთან თანამშრომლობისგან.
ხელისუფლების მხრიდან შანტაჟს უკავშირებს ქაცარავა იმ ფაქტსაც, რომ მისი კომპანიის საქმიანობა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შეამოწმა საგადასახადო სამსახურმა. მისი განმარტებით, პირველ აგვისტოს დადასტურებული შეკვეთა ძალიან "უცნაურად" გაუქმდა. საჯომარდო ბანაკში დენის ჩართვასთან დაკავშირებით შეტანილ განაცხადზე კი, რომელზეც წლების განმავლობაში პრობლემა არასდროს ჰქონიათ, უარი მიუვიდათ.
არ დავკონკრეტდები, რომელი სტრუქტურა არის, თუმცა ეს ძალოვანი სტრუქტურებიდან მომდინარეობს. ერთ-ერთი მესიჯი იყო რამდენიმე თვის წინ, როდესაც შემომითვალეს, რომ მომიგვარებდნენ სასამართლოში საქმეს იმ შემთხვევაში, თუ უარს ვიტყოდი ანტისაოკუპაციო მოძრაობაში აქტივობაზე, - ამბობს ქაცარავა.