
34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - დღეს ტრადიციულად საზოგადოება, 9 აპრილის მემორიალთან იკრიბება და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს.
ცოტა ხნის წინ 9 აპრილის მემორიალთან მივიდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. თუმცა არცერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
"ქართულ ოცნებას" დღეს არ უსაუბრია რამდენად იცავს იმ მონაპოვარს, რის გამოც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ.
9 აპრილის გმირთა მემორიალთან მისვლამდე, პრემიერმა ღარიბაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა.
ამასთან, პარლამენტთან იმყოფებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. მან 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.