
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, სანქციები დააკისროს 4 ქართველ მოსამართლეს, "გავლენა არ ექნება" მოსამართლეების პროფესიულ მომავალზე.
ამის შესახებ ღარიბაშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული შეხვედრის შემდეგ ჰკითხეს. პრემიემინისტრის სიტყვებით, ყველა მოსამართლე, რომელზეც სანქციები გავრცელდა, მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი მოსამართლეა.
"ყველა ეს მოსამართლე, რომელზეც გავრცელდა ეს გადაწყვეტილება, მე ვიცი და ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც მთელი თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს გაძლიერებას და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულს არ ექნება რაიმე გავლენა. საერთოდ, მინდა გავიმეორო, რომ ყველა ხელისუფალის და თითოეული მოქალაქის ვალდებულება არის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოსამართლეებს მათი ინტერესების დაცვაში და სასამართლოს დაცვაში. ამას მე, როგორც პრემიერმინისტრი ვაკეთებ და ხვალაც გავაკეთებ კიდე უფრო მეტი შემართებით", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.