დღეს, 10 აპრილს, გელათის სამონასტრო კომპლექსში სპეციალისტთა ჯგუფი ჩავიდა, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით ტაძრის მხატვრობის გრაფიკულ სქემას შექმნის.
ჯგუფის წარმომადგენლები სამონასტრო ტაძარს პირველად ეწვივნენ მას შემდეგ, რაც მისი რეაბილიტაციის სამუშაოები კულტურის სამინისტრომ საპატრიარქოს გადასცა. ისინი მედიასთან კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
ტაძრის მდგომარეობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში. მათი განცხადებით, ისტორიულ სამონასტრო კომპლექსში ამჟამად წყალი აღარ ჩადის, თუმცა ტენიანობა გრძელდება, რაც იწვევს ფრესკების გაფხვიერებას და მათ ჩამოცვენას.
"სახელმწიფომ და სახელმწიფოს იმ ინსტიტუციამ ვისაც ევალა ამაზე ზრუნვა და პატრონობა, უარი განაცხადა და გადააბარა საპატრიარქოს მისი პასუხისმგებლობა. უაღრესად დიდ პასუხისმგებლობას იღებენ თავის თავზე, რადგან ხელისუფლებამ საპატრიარქოს გადააბარა, საპატრიარქო და მთლიანად საზოგადოება უკვე ამ ხალხს ატვირთავს იმ პასუხისმგებლობას გელათში რაც ხდება. ხოლო, გელათში რაც ხდებოდა ჩვენ ამ პროცესებს უკვე მესამე წელია ვაკვირდებით და თვეებია აქ ეს სავალალო პროცესი მიმდინარეობს," - განაცხადა ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელმა, მერაბ ბარათაშვილმა.
ორგანიზაციის განცხადებით, ძალიან დიდი შეცდომაა, როცა კულტურის სამინისტრომ იმ ინსტიტუციის გადასცა მონასტრის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელსაც ამის გამოცდილება არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ გელათის სამონასტრო ტაძრის რეაბილიტაცია კულტურის სამინისტრომ საპატრიარქოს 24 თებერვალს გადააბარა.