
"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. პარტიაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" დეველოპერებს ქრთამის სანაცვლოდ მშენებლობების გაგრძელების საშუალებას აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით ხაჯიშვილის თქმით, ხელისუფლება დაუსაბუთებლად და ნაჩქარევად ცდილობს იმ კანონის მიღებას, რომელიც ბათუმს ვნებს. ის ამბობს, რომ სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტი მოქალაქეების პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
"მოსახლეობა ვერ ირეგისტრირებს თავის ქონებას, მაგრამ ეს კანონი ამ პრობლემას ბოლომდე ვერ აგვარებს. ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალური ჩართულობით პროფესიული წრეების, ურბანისტები, არქიტექტორები თუ სხვა ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებულები არიან, ჩაერთონ საკითხში და მათთან ერთად ისეთი კანონი შევქმნათ, რომელიც რეალურად მოაგვარებს ამ პრობლემას", - თქვა ხაჯიშვილმა.