ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ შეეგუება ქვეყანაში რუსული ოლიგარქიული მმართველობის დამყარებას.
მას შემდეგ, რაც ექვსმა გავლენიანმა კონგრესმენმა მაიკ პომპეოს ოფიციალური წერილით მიმართა, ხელისუფლების ოპონენტებმა არსებული ვითარება შეაფასეს. მათი თქმით, ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის დასავლური ორიენტაციის შესანარჩუნებლად.
მსგავსი წერილი არ იქნება უკანსკნელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუსვამდით ხაზს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დარჩება საქართველოში, არის დიდი საფრთხე, რომ საბოლოოდ, ქვეყანა დაბრუნდეს რუსულ ორბიტაზე, - განმარტავს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.
"ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყნიდან ამერიკულ ინვესტიციებს დევნის, რაც, პირველ რიგში, რუსეთის ინტერესებში შედის.
ჩვენი მეგობების მიერ გამოხატული წუხილი არის იმისკენ მიმართული, რომ საქართველოში აღარ გაგრძელდეს რუსული ოლიგარქიული მმართველობა და საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას ოქტომბერში, - ამბობს ჯაფარიძე.
მმართველ კუნდში კი აცხადებენ, რომ საქართველოსა და აშშ-ს მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება და გავრცელებული წერილის შინაარსი კონკრეტული კონგრესმენების სუბიექტური შეფასებებია.
ეს არის მორიგი უსაფუძვლო წერილი, რომელსაც ხელს აწერს კონგრესმენი მალენი, - ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.