
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელებმა 5 მიმართულებით რუსების 52 შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ბოლო დღე-ღამეში რუსმა სამხედროებმა 39 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. მათ შორის, 4 S-300-ის ტიპის რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ კრამატორსკში.
უწყების განცხადებით, რუსეთს ფედერაცია აგრძელებს წესების უგულებელყოფას, ამიტომ საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების ალბათობა უკრაინის მთელს ტერიტორიაზე კვლავ მაღალი რჩება. გენშტაბი ამბობს, რომ მიუხედავად ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მრავალრიცხოვანი დანაკარგისა, მტერი აგრძელებს აგრესიულ ომს. მათი თქმით, რუსეთი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას ღერძებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე.
გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათს განმავლობაში, უკრაინის ავიაციამ 8 საჰაერო დარტყმა განახორციელა მტრის ცოცხალი ძალისა და სამხედრო შეიარაღების თავშეყრის წერტილებზე. დარტყმები განხორციელდა მტრის ანტი-საჰაერო სარაკეტო კომპლექსზეც. ამასთან ერთად, ბოლო 24 საათში უკრაინელებმა Mi-24-ის ტიპის ვერტმფრენი და 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.