ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმისთვის დაკავებული ბიზნესმენი ბრალს აღიარებს, თუმცა დუმილის უფლებას იყენებს. ირაკლი ღლონტს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. სასამართლო კი აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს.
პირველადი ვერსიით, დანაშაულის მოტივი საფეხბურთო კლუბ "დინამოს'' წილები იყო, რადგან სულაბერიძე უკვე რამდენიმე წელია, სასამართლოში დაობს და ორ ინსტანციაში პროცესებიც მოიგო. თუმცა, "მთავარისთვის'' ცნობილი გახდა, რომ დაპირისპირება არა ბიზნესწილებს, არამედ პირად საკითხს ეხება.
ამ ეტაპზე, მოტივებთან დაკავშირებით, თავს ვიკავებ ინფორმაციის გახმაურებისგან, დაველოდებით ბრალის წარდგენას... ამოღებულია საბრძოლო ვაზნა და რამდენად არის საბრძოლო მდგომარეობაში, ეს გადაწყდება ექსპერტიზით, - ამბობს დაკავებულის ადვოკატი კახა წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ სულაბერიძეს გუშინ, 28 ივლისს, წყნეთის გზატკეცილზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, როდესაც ის საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ სულაბერიძე უკვე რამდენიმე წელია სასამართლოში საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" გამო დავობს და სასამართლო პროცესები ორ ინსტანციაში უკვე მოიგო. უკავშირდება თუ არა თავდასხმა ამ დავას, უცნობია.