გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - 140-მდე NGO-ს ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნდა:

140-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საერთო განცხადებით მიმართა. 

ორგანიზაციის საერთო განცხადების მიხედვით, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულიად ეკისრება ხელისუფლებას, ამიტომ ისინი დააკვირდებიან "ქართული ოცნების" მთავრობას, რადგან მოსალოდნელია, რომ ისინი სპეციალურად გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელმაც შეიძლება გარკვეული ბარიერები შეუქმნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

"ჩვენ დღეს ამ კონფერენციაზე ვაცხადებთ, რომ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ყველა ჩვენს რესურსს, ჩვენს ენერგიას, ჩვენს დროს დავუთმობთ ამ მთავარი მიზნის შესრულებას. ეს არის ის, რისი თქმაც გვინდოდა საზოგადოებისთვის. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუყურებთ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა. ჩვენ ვხედავთ და ველოდებით, რომ შესაძლოა, მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგან, რომელმაც შესაძლოა გარკვეული ბარიერები შეუქმნას საქართველოს ამ გზაზე და რა თქმა უნდა ამ ბარიერებს შევეწინააღმდეგებით და რა თქმა უნდა ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას ყველაფერს იმასთან დაკავშირებით, თუ რას აფუჭებს ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ სპეციალურად არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუშლიან  საქართველოს მიიღონ სტატუსი ევროკავშირის მხრიდან," - თქვა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, ჩაითვლება სტატუსის მიღების საბოტაჟად და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება. 

მისივე განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსისთვის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება. 

"გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს.

სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს რეფორმებზე მუშაობას და არ გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას.

კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობის მისაღწევად. ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება.

ვაცხადებთ, რომ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება.

ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, 2023 წლის ბოლოს, სიამაყით უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა!" ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი