
ოპოზიცია არ გამოიყურებოდა კარგად, უფრო მეტსაც გეტყვით, სასაცილო იყო ეს ყველაფერი - აცხადებს ხატია დეკანოიძე ოპოზიციონერი დეპუტატების მივლინების გამო, საგამოძიებო კომისიის საკითხზე რიგგარეშე პლენარული სხდომის გადადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, ანი წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მივლინებაში წასვლის შესახებ, საღამოს შეიტყვეს:
"ყველამ იცოდა, რომ ორშაბათს უნდა მიგვემართა პრეზიდენტისთვის, ასეთი კომუნიკაცია გვქონდა. მაშინ მოვისმინეთ ასეთი პასუხი, რომ არ არის ქვეყანაში მხოლოდ ორი დეპუტატი - რამაზი და კობა ნაყოფია, ეს ინფორმაცია გვითხრა ფრაქციის სახელით (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა). მე პირადად არ წავედი მივლინებაში, რადგან ვიცოდი, რომ ეს სხდომა შეიძლება ჩაენიშნა პრეზიდენტს 48 საათში და მივლინებაში მივდიოდი შაბათს. ამ შეხვედრის შემდეგ არავითარი კომუნიკაცია არ მქონია ამ საკითხზე, რადგან ვიცოდით, რომ 50 ხმა გვქონდა. საღამოს გავიგეთ უკვე, რომ მივლინებაში წავიდა 2 დეპუტატი , ამიტომ დადგა ის მომენტი, როცა ოპოზიცია არ გამოიყურებოდა კარგად, უფრო მეტსაც გეტყვით, სასაცილო იყო ეს ყველაფერი. ძალიან ცოტა ვართ პარლამენტში ისედაც ოპოზიცია და უფრო მჭიდრო კოორდინაცია უნდა გვქონოდა." თქვა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის რიგგარეშე სესია, რომელზეც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა დადგეს დღეს აღარ გაიმართა. ოპოზიციის ნაწილი ლევან ხაბეიშვილსა და ანი წითლიძეს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. საქმე იმაშია რომ ნაციონალური მოძრაობის 2 დეპუტატი პოლონეთში იმყოფება ვიზიტით.
მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ოპოზიციის ორი დეპუტატი უცხოეთში ვიზიტზე მიდის და მოსამართლეებთან დაკავშირებით, კომისიის შესაქმნელად ოპოზიციას ხმები არ ყოფნის, დეპუტატებმა ზურაბიშვილის მიმართეს და სხდომის შემდეგი კვირისთვის გადადება ითხოვეს.