რიგგარეშე სხდომის დაანონსება არასწორად მოხდა, კუდების ძიება უმართებულოა - ბეჟაშვილი

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილისა და ანა წითლიძის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში ბევრად უფრო ადრე იყო დაგეგმილი ვიდრე რიგგარეშე სხდომის საკითხები გაირკვეოდა. 

მისივე თქმით, პარლამენტის დეპუტატებს შორის მოხდა არასწორი კომუნიკაცია, რის გამოც რიგგარეშე სხდომა არასწორად დაანონსდა. 

"ლევან ხაბეიშვილის და ანი წითლიძეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით ჰქონდათ ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, ჩვენს პოლონელ პარტნიორებთან. ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყვნენ წარდგენილები, რომელიც დაგეგმილი იყო ბევრად ადრე, ვიდრე რიგგარეშე სხდომის საკითხები გაირკვეოდა. მოხდა მისკომუნიკაცია, პარლამენტის წევრებს შორის, მათ შორის ჩემთანაც. შესაბამისად, არასწორად მოხდა დაანონსება რიგგარეშე სხდომის და ვფიქრობ ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ ეს მოცემულობა გვაქვს. ამ შემთხვევაში კუდების ძიებას და ვინმეს დადანაშაულებას უპასუხისმგებლობაში აბსოლუტურად მიუღებელი და უმართებულო არის," - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს.  თუმცა, მოგვიანებით, როცა გაირკვა რომ "ნაციონალური მოძრაობის" ორი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრნენ,  მათ განმეორებით მიმართეს პრეზიდენტს, რომ მათივე მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ ჩანიშნოს.

რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის უნდა ეყარათ კენჭი. ორი ოპოზიციონერების გამოკლების შემდეგ კი მათ  პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა არ ჰქონდათ, იმისთვის რომ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის მხარი დაეჭირათ. კომისიის შექმნას მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი