
კიევის ოლქის სამხარეო პოლიციის ინფორმაციით, ოლქის ოკუპაციის დროს, გასული წლის თებერვალ-აპრილის პერიოდში, 1 374 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, რომელთა შორისაც, 717 განზრახაა მოკლული.
„დღემდე იდენტიფიცირებულია 1 374 დაღუპულის ცხედარი. ესენი არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, უკრაინელები, რომლებიც მოკლეს. აქ მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ 1374 გვამიდან 717 მოკლეს, ანუ ადამიანების უმეტესობა დახვრიტეს განზრახ"- განაცხადა კიევის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა.
მისივე ინფორმაციით, დაღუპულთაგან 340 ნაღმის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით დაიღუპა, ხოლო 317 ადამიანის სიკვდილის გარემოება ჯერ დადგენილი არ არის. თუმცა, როგორც პოლიციის მაღალჩინოსანი ამბობს, არ არის გამორიცხული ბევრი მათგანის გარდაცვალების მიზეზი სამედიცინო დახმარების ვერმიღებაც გამხდარიყო.