საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, გარკვეულ ჯგუფებს სურთ საზოგადოებრივი მაუწყებელი რევოლუციისთვის მზადების ფლაგმანი გახადონ. ამ თემაზე მან გადაცემა "თავისუფალ ხედვაში" ისაუბრა.
"იმ სცენარში, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ძალიან მოწადინებულად საუბრობენ, კი არ ვუყურებთ, ვუსმენთ, იტყვიან ხოლმე ის არა, ეს არა. რევოლუციური სცენარი და რევოლუციისკენ მოწოდება უცხო არ არის, ყურს აღარ ჭრის ჩვენთან და ამას ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, ამას ითხოვენ, რომ ფლაგმანი იყავიო. მაქსიმალური გაკეთდა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელისუფლების გავლენას დააღწია თავი. სხვათა შორის, თავის დროზე ეს ხელისუფლებაშიც უკვირდათ, მაგრამ ეს მოხერხდა და, ვფიქრობ, ეს ამ ხელისუფლების მიღწევაც არის. ერთად არის მთელი საზოგადოების და, კი ბატონო, ოპოზიციის მიღწევაც, მაგრამ ახლა გარკვეული ჯგუფების მხრიდან არის მისი გაკონტროლების დიდი სურვილი. ცნობილი გამოთქმა რომ არის, სიკეთე და ბოროტება რა არისო?! ბოროტება არის, ცოლს რომ წამართმევენ და სიკეთეა, მე რომ წავართმევ ცოლსო. ასეთივე პრინციპით არის, ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ჩემი გავლენის ქვეშო და აქ უნდა ჩადგეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი არსით, ეს ევროპული მოვლენაა, ვერ იქნება ქვეყნის დანგრევის, არეულობის და გადატრიალების მომხრე. კი ბატონო, გადატრიალებები ხდება ქვეყნებში, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის ამის ფლაგმანი. მით უმეტეს, ჩვენ ქვეყანაში ყველა ჯგუფს აქვს თავისი ტელევიზია მსუყედ არის წარმოდგენილი" , - თქვა მაღლაფერიძემ.