
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას ურჩევს, ნაცვლად "ისტერიისა, რასაც აწყობენ" დახარჯონ რამდენიმე წუთი ცოდნის გაღრმავებისთვის და რეგლამენტში ჩახედვისთვის. მისი განმარტებით, პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა არ ჩანიშნა, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა ჩაატაროს სხდომა 48 საათში.
პაპუაშვილი ამბობს, რომ სხდომა არ ჩატარდება, რადგან პარლამენტის უხერხული მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ სხდომას არ დაესწრებიან, შესაბამისად კვორუმი ვერ შედგება.
"არასწორად გამოითხოვეს საბოლოო ჯამში მათივე მიმართვა პრეზიდენტის მიმართ. 46-მა დეპუტატმა მიმართა და იმდენი ცოდნაც არ ჰყოფნით, რომ 46 ადამიანს მიემართა ისევ გამოთხოვაზე და ორმა ადამიანმა მიწერა პრეზიდენტს 46-ის სახელით. რაც შეეხება ამ მდგომარეობას, რაც შექმნა ოპოზიციამ თავისი თავისთვის სასაცილო და პარლამენტისთვის უხერხული მდგომარეობა, რეალურად უნდა ჩატარდეს სხდომა 48 საათის განმავლობაში, თუმცა აქაც უმრავლესობამ ისევ სწორედ პარლამენტის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნითაც, მომმართა მე, ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ", რომ ისინი არ დაესწრებიან ამ შემთხვევაში სხდომას, შესაბამისად, ეს გულისხმობს რომ არ იქნება კვორუმი, აქედან გამომდინარე აზრს კარგავს რეგისტრაციის ჩატარება და სხდომის ჩატარებაც, აქედან გამომდინარე, რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება", - თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია არასერიოზულად იქცევა.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით წერილი გაუგზავნეს. იმავე დღეს გაირკვა, რომ ორი დეპუტატი უცხოეთში წავიდა ვიზიტით, ოპოზიციას კი სხდომაზე ხმები არ ჰყოფნიდა.