სტრასბურგში, ევროსასამართლოსთან ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილს და ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და მიეცეს მკურნალობის საშუალება უცხოეთში.
ქართველმა ემიგრანტებმა მადლობა გადაუხადეს ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისთვის.
აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ ევროსასამართლოს საჩივრით მიმართა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სააკაშვილის მიმართ ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვენ.
უფლებადამცველების ვარაუდით, საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება, რის შემდეგაც გადაწყდება, მიიღებს თუ არა სასამართლო საქმეს წარმოებაში.