
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრ ვაჟა თავდგირიძეს 15 ხმით უფლებამოსილება უმრავლესობამ შეუწყვიტა, რასაც სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან კონსერვატორების" დაშლაც მოყვა. უმრავლესობის თქმით, დეპუტატი ბოლო 6 თვის განმავლობაში სხდომებზე არ დადიოდა და მას უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება.
საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა ფრაქციის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძემ. მან საკრებულოს დეპუტატებს წარმოუდგინა სამედიცინო დოკუმენტი, სადაც წერია, რომ დეპუტატს აქვს მძიმე სენი და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
მიშა ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და საკრებულოს თავმჯდომარეს დეპუტატის გადაბირების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, რომ ნადიმ ვარშანიძემ ვაჟა თავდგირიძეს საკრებულოს წევრობის სტატუსის შენარჩუნების სანაცვლოდ ფრაქციის დატოვება შესთავაზა.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", უმრავლესობის დეპუტატები თვლიან, რომ სამედიცინო დოკუმენტი "ფორმა 100" არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ დეპუტატი მძიმე სენს ებრძვის.
ავტორი: თეა ვაშალომიძე