
"ლელოს" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კენჭისყრა 18 აპრილს შედგება.
"საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ვინმემ უნდა შეახსენოს, რომ 'შეთავსებით’ არ არიან დეპუტატები.
მათი მთავარი მოვალეობაა პარლამენტარის ფუნქციების შესრულება.
სამშაბათს, 18 აპრილს დადგება კენჭსაყრელად საგამოძიებო კომისიის საკითხი.
სხვა არანაირი მნიშვნელოვანი საქმე არავის არ შეიძლება ჰქონდეს ამ დღეს, ვისაც ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატი აქვს", - წერს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, პარლამენტის რიგგარეშე სესია, რომელზეც მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა დამდგარიყო 11 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ენმ-ის ორი დეპუტატი - ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ, ოპოზიცია ხმებს ვერ აგროვებდა.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულეს. თავის მხრივ, ხაბეიშვილი და წითლიძე ამბობდნენ, რომ მათი მივლინების შესახებ მანამდე იყო ცნობილი.