
სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეჭვობს, რომ მისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში უცხო ქვეყნის აგენტები არიან. მისი თქმით, მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი ჯარებში პანიკას თესავს, რათა ყველამ დატოვოს თავისი საბრძოლო პოზიციები, ან ქმნის პირობებს, რომ მტერმა უპრობლემოდ დაიპყროს ტერიტორიები.
ფაშინიანი ამბობს, რომ არცერთი დანაშაული არ გაიხსნება, სანამ არ გაირკვევა მოტივაცია, რადგან შესაძლოა, ისინი უცხო ქვეყნის აგენტები არიან.
"შეიარაღებულ ძალებზე გუშინდელი თავდასხმის დროს ხალხმა კვლავ განაცხადა, რომ ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა გადადგეს. ბოლოს და ბოლოს, მათ შეუძლიათ დაელოდონ ინციდენტის დასრულებას, მაგრამ არა, ახლავე უნდა მოხდეს. ეს არის მეხუთე კოლონის სტილი. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციონ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა ჩვენი დემოკრატიის ზიანის მიყენების გარეშე.
მაგალითად, მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი თესავს პანიკას ჯარებში და ავალებს თავის ქვეშევრდომებს, დათესონ პანიკა, რათა ყველამ დატოვოს თავისი საბრძოლო პოზიციები, ან ქმნის პირობებს, რომ მტერმა უპრობლემოდ დაიპყროს ტერიტორიები. რატომ? არცერთი დანაშაული არ გაიხსნება, ვიდრე მოტივაცია არ გაირკვევა. შესაძლოა, ისინი სხვა ქვეყნის აგენტები არიან. ზემოდან უნდა მიეღოთ ბრძანება, ბრძანება მე უნდა გამეცა, მაგრამ არ გამიცია. ე.ი. კიდევ ერთი ზემდგომი ჰყავს, ბრძანება მიიღო და შეასრულა. თავად არ ამბობს, ვისგან მიიღო ბრძანება, რადგან უფრო მძიმე ბრალდებას მიიღებდა" - თქვა ფაშინიანმა.