"პოლიციელები შემოვიდნენ ავტომატით, მუხლებზე დადგომას გვაიძულებდნენ, სახლი შეეშალათ" - ადგილობრივები მარნეულში მომხდარზე

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის ქვემო ქართლში - "მთავარ არხთან" გუშინ ღამე მომხდარ ინციდენტს სოფელ დაშტაპას მცხოვრებლები იხსენებენ და ამბობენ, რომ პოლიციის თანამშრომლები, სამი პირის დაკავებამდე, შეცდომით სხვა სახლებში შეიჭრნენ.  

"ღამე სახლში გვეძინა, რა დროსაც პოლიციამ კარი შემოამტვრია და იარაღებით შემოვარდნენ. მე და დედაჩემს გვითხრეს, მუხლებზე დავმდგარიყავით, სახლში პატარა ბავშვებიც არიან და მათაც შეეშინდათ. აშკარად სახლი შეეშალათ და მერე წავიდნენ. დედაჩემი ცუდად გახდა ისე შეეშინდა",- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

"ღამე ჩემს სახლში შემოვიდნენ ხელში ავტომატით და ოჯახის ყველა წევრს მუხლებზე დადგომას გვაიძულებდნენ. ვეუბნები გაწიეთ ავტომატი სახლში პატარა ბავშვია, ეშინია. 1990-იანი წლებია რომ ასე იქცევით? პოლიციას სახლი როგორ უნდა შეეშალოს? მერე წავიდნენ და სხვაგან იპოვეს ინციდენტში მონაწილე ბიჭები",- ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობა ამტკიცებს, რომ პოლიციის მანქანას გამორთული ჰქონდა მაშუქები და ადევნების ოპერაცია უკანონო იყო - "ღამე დაკავების სპეცოპერაცია დაიწყეს და 3 პირი დააკავეს. ხალხი გაბრაზებულია, რომ პატრული ღამით განათების გარეშე ჩასაფრებას უწყობს და გუშინ სწორედ ასე აედევნენ მანქანას"

შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით სოფელში ინციდენტი მოხდა - საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა, მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო სამართალდამცავის მოთხოვნას არ დაემორჩილა და მოძრაობა გააგრძელა. მანქანა, რომელსაც პოლიცია აედევნა, ხიდზე ამობრუნდა. ამის შემდეგ ადგილობრივებმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინეს

შსს-ს ცნობით, მარნეულში მომხდარ ინციდენტზე 3 პირი დააკავეს - მძღოლი და ორი მგზავრი. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი