
აფრიკის ორ ქვეყანაში, ტანზანიასა და ეკვატორულ გვინეაში მარბურგის ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა France24 ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვირუსი ისეთივე სასიკვდილოა, როგორც ებოლას ციებ-ცხელება.
აღნიშნულ ქვეყნებში საგანგაშო სტატისტიკის შესახებ 21 მარტს გახდა ცნობილი. 6 აპრილის მდგომარეობით, რვა დადასტურებული შემთხვევიდან ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, იტყობინება აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. სიტუაცია ეკვატორულ გვინეაში ამჟამად ყველაზე შემაშფოთებელი ჩანს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ოფიციალური სტრუქტურები შესაძლოა რეალურ ციფრებს მალავდნენ.
მარბურგის ვირუსს თან ახლავს პირღებინება, დიარეა და მაღალი სიცხე. პირველად ეს ვირუსი 1967 წელს გერმანიის ქალაქ მარბურგში აღმოაჩინეს. 1970-იან წლებში ვირუსის რამდენიმე ეპიდემია აფრიკაში დაფიქსირდა. ეს დაახლოებით 3-4 წელიწადში ერთხელ ხდებოდა.