რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი - ადამიანი, ვის წინააღმდეგაც ექვსი გავლენიანი კონგრესმენი გაერთიანდა და სახელმწიფო მდივნის სახელზე უპრეცედენტო წერილი გააგზავნა. უპრეცედენტოა ის, რაც ორგვერდიან წერილში წერია და ისიც, თუ როგორ მოიხსენიებს სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. მაიკ პომპეოს ამერიკელი პოლიტიკოსები უყვებიან, როგორ მოქმედებს რუსი ოლიგარქი ჩინური, რუსული და ირანული ბიზნესის სასარგებლოდ და როგორ უქმნის საფრთხეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება.
სტრატეგიული პარტნიორისთვის დღეს გიორგი გახარიას ნაკლებად ეცალა. უპრეცედენტო წერილის ერთ-ერთი ადრესატი კონგერსმენებზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და პასუხების გაცემას ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით განაგრძო.
პრემიერმინისტრს დღეს არც ეკატერინე ტიკარაძე ჩამოუვარდებოდა. პარტიის ლიდერის შელახული იმიჯის გადარჩენას "ოცნების" წევრები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.
"ქართული ოცნება" არ აღიარებს, თუმცა ფაქტია, რომ 8 თვის განმავლობაში, ამერიკელი პარტნიორები უფრო და უფრო ხისტ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამენ. ჯერ იყო გამაფრთხილებელი წერილები, რომელსაც გიორგი გახარიას კონგრესმენები უგზავნიდნენ. მზარდი კრიტიკა სულ მალე საკანონმდებლო აქტებში გადაიზარდა, რამდენიმე დღის წინ კონგრესმა საქართველოსთვის დახმარების 15 % გაყინვას დაუჭირა მხარი. ახლა კი პარტნიორები სულაც აღარ ერიდებიან და ამერიკის სახელმწიფო მდივანს პირდაპირ აფრთხილებენ - "ოცნების" ხელისუფლება საფრთხეს წარმოადგენს და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად ზომების მიღებაა საჭირო.
რუს ოლიგარქად მოხსენიებული ივანიშვილის შესახებ წერილი სახელმწიფო მდივნის აპარატში 27 ივლისს შევიდა. წერილის მიღებიდან რამდენიმე საათში, მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გახარია ამტკიცებს, რომ სახელმწიფო მდივანს საქართველოს მიღწევებზე ესაუბრა, თუმცა წერილის გასაჯაროების შემდეგ, ალბათ რთული მისახვედრი არაა, თუ რა გაფრთხილებები მისცა პომპეომ "ქართულ ოცნებას" გადამწყვეტი არჩევნების წინ.
ივანიშვილის გუნდი რომ ამერიკულ ინვესტიციებს ბლოკავს, კონგრესმენებს შეშფოთება აქამდეც არაერთხელ გამოუთქვამთ. ანაკლიის პორტის გაჩერება და კომპანია ფრონტერას შევიწროვება ამერიკელ პოლიტიკოსებს თითქმის არცერთ წერილში დავიწყებიათ. ამერიკული ბიზნესის შევიწროვებაზე გავლენიანმა კონგრესმენებმა პომპეოს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ "ქართული ოცნების" გუნდი ქვეყნიდან მიზანმიმართულად აძევებს იმ კომპანიებს, ვინც წლების განმავლობაში ქართულ და ამერიკულ ეკონომიკაში კონტრიბუციას დებენ.
პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილის ხელისუფლებას ქვეყნის მთავარმა პარტნიორმა უკვე გამოუტანა. ახლა ჯერი ამერიკის სახელმწიფო მდივანზეა. მას შემდეგ, რაც მაიკ პომპეო კონგრესის ორივე პალატაში საქართველოს შესახებ ანგარიშით წარსდგება. ამერიკელი პოლიტიკოსები მიიღებენ გადაწყვეტილებას გაეყინება თუ არა საქართველოს დახმარების ნაწილი და იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პირველი, ვისი მმართველობის პირობებშიც სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ფინანსური სანქციები ამოქმედდება.