
ტყვეთა მასშტაბური გაცვლა სააღდგომოდ - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ 130 უკრაინელი სახლში ბრუნდება.
"აღდგომას ტყვეთა მასშტაბური გაცვლა. დღეს ჩვენ 130 ჩვენს ადამიანს ვაბრუნებთ. ეს ბოლო დღეებში რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.
სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიელები, მეზღვაურები, სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები...
ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ბახმუტის, სოლედარის, ზაპორიჟიესა და ხერსონის მიმართულებზე.
ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება.
აღდგომა - ამ დღესასწაულის კვინტესენცია არის იმედი. ზუსტად ამას გრძნობდნენ პატიმრების ახლობლები, რომლებიც მათ ამდენი ხანი ელოდნენ.
სიცოცხლე ჩვენთვის უმაღლესი ღირებულებაა. "გმირები ცოცხლები უნდა იყვნენ", - ასე ამბობს ყოველთვის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის დავალებას ჩვენი გუნდი, სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ასრულებს.
ეს ამოცანა მოკლედ ასე ჟღერს: დააბრუნეთ ყველა.
და ჩვენ დავბრუნდებით.
ბედნიერი აღდგომა",- წერს ერმაკი.