
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო Larazon-თან ინტერვიუში მინსკში, რუსეთთან გამართული მოლაპარაკებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაცია არ იყო დარწმუნებული, დაბრუნდებოდა თუ არა სახლში.
რეზნიკოვი ამბობს, რომ ომის პირველ დღეებში, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შესვლა და ბელარუსში წასვლა ახსენდება, როგორც ყველაზე ცუდი დღეები და ყველაზე რთული გადაწყვეტილება.
მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მიზანი იყო ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო ათობით ათასი ადამიანის გადარჩენას.
„გამოწვევა იყო პრეზიდენტისთვის მეთქვა „დიახ“, როდესაც მან მთხოვა [დელეგაციის წევრი ვყოფილიყავი], რადგან ღრმა სიძულვილს ვგრძნობდი [რუსების მიმართ] და როგორც მომლაპარაკებელმა, ვიცი, რომ ეს არის ემოცია, რომელიც არ არის სარგებლის მომტანი. საშინელება იყო მტრისთვის ხელის ჩამორთმევა."- იხსენებს რეზნიკოვი.
შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი შედგა. მათ შორის, სამი ბელარუსის, ერთი კი თურქეთის ტერიტორიაზე.