The Guardian: თბილისის საავადმყოფოში გამოკეტილი მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა ქრება

გამოქვეყნდა:

"გამოფიტული და აჩრდილივით - საქართველოს დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში სიკვდილის პირასაა...თბილისის საავადმყოფოში გამოკეტილი მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა ქრება" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული The Guardian მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

სტატიის ავტორი, შონ უოლკერი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო პუტინის ამბიციების შესახებ ჯერ კიდევ 15 წლის წინ გააფრთხილა, "ახლა კი ის [მიხეილ სააკაშვილი] საუბრობს წამებაზე მოსკოვისკენ მიმავალი რეჟიმის მხრიდან".

"ვითხოვ პოლონეთში გადამიყვანონ, რადგან, ნათელია, რომ ქართულ საავადმყოფოში მოვკვდები", - მისწერა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემას შეკითხვის პასუხად.

სტატიის ავტორი სხვადასხვა ექიმებისა და ექსპერტების შეფასებებს ეყრდნობა და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "სერიოზულად დამძიმდა".

შონ უოლკერი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების შეფასებებზეც საუბრობს და 
აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ბევრი პოლიტიკურ ვენდეტად მიიჩნევს.

"იმ ადამიანის პატიმრობა, რომელმაც თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე დააყენა, საქართველოს ბევრი დასავლელი მოკავშირის მხრიდან განიხილება, როგორც მოსკოვის გავლენის ორბიტაზე დაბრუნების სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება მტკიცედ პროდასავლურია, მის მთავრობას ბრალს სდებენ რუსეთის ბრძანებების ფარულად შესრულებაში.

საქართველოში, ბევრი მათგანისთვისაც კი, ვისაც ის [მიხეილ სააკაშვილი] არ მოსწონს, მისდამი მოპყრობა მიუღებელია", - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემას ჩაწერილი ჰყავს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ამბობს-
"საშინელია იმის ყურება, თუ როგორ კლავენ ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს".

ავტორი ასევე წერს, რომ საქართველოს მთავრობისა და ხალხის პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება. საკითხთან დაკავშირებით ავტორი სხვადასხვა მოსაზრებებს ეყრდნობა, მისი ერთ-ერთი რესპონდენტი,  "დემოკრატიის ინდექსის" ხელმძღვანელი ეკა ციმაკურიძეა.

სტატიის ავტორის თქმით, ქვეყნის დიდი ნაწილი პროდასავლურია, თუმცა კრიტიკოსების აზრით, მმართველი გუნდი, ივანიშვილის ხელმძღვანელობით საბოტაჟს უწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. 

ამავე კონტექსტში საუბრისას ავტორი იხსენებს რუსულ კანონს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ის აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციების გამო ხელისუფლებას პოზიციის შეცვლა მოუწია.

შონ უოლკერი ასევე საუბრობს უკრაინის ომზე და მის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებზე. ავტორი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ომზე გაურკვეველი პოზიციის მიზეზად ასახელებს შიშს, რომ ღიად პროუკრაინულმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, რუსეთთან კონფლიქტის განახლება გამოიწვიოს.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში საქართველოსა და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა კი "ალბათ ყველაზე დიდი დაბრკოლებაა საქართველოს ევროკავშირის გზაზე პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის მთავრობებში სააკაშვილის ძლიერი მხარდაჭერის გათვალისწინებით".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი