
2023 წლის 23 თებერვლიდან 1 აპრილამდე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფელ ვლადიმიროვკაში აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სოლედარსა და ბახმუტთან 200-მდე საფლავი გათხარეს - ამის შესახებ გერმანული გამოცემა RND სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემამ დრონის კადრები შეისწავლა, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინის არმიამ 10 აპრილს გადაიღო და შეადარა სატელიტურ სურათებს.
გამოცემის ცნობით, ათ რიგში 200 საფლავია აღმოჩენილი ვლადიმიროვკადან ნახევარ კილომეტრში, ძველი სასაფლაოს მოპირდაპირე მინდორში. მათგან, 130 სამარხში უკვე დაკრძალულია ცხედრები, ხოლო 70-მდე საფლავი გამზადებულ მდგომარეობაშია.

გამოცემა წერს, რომ საფლავებზე ჯვრები, ან სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნები არ ჩანს.
RND-თან საუბარში ავსტრიელი სამხედრო ექსპერტი, მარკუს რაისნერი ვარაუდობს, რომ დაკრძალულთა შორის შეიძლება იყვნენ "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები, რადგან ხშირ შემთხვევაში, სიკვდილის შემდეგ მათი ცხედრები უკრაინაში რჩება. რუსული რეგულარული არმიის სამხედროების ცხედრები კი, როგორც წესი, რუსეთში გადააქვთ.