პარლამენტში მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კენჭისყრა ხვალ, 18 აპრილს გაიმართება.
ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, საკითხთან დაკავშირებით 50 დეპუტატი ინფორმირებულია და მუშაობა მიმდინარეობს, რომ 50-ვე მათგანი გამოცხადდეს პარლამენტში.
"კომუნიკაცია შედგა 50 ოპოზიციონერ დეპუტატთან და თითოეულ მათგანს ინფორმაცია აქვს, რომ სამშაბათს სესიაზე გამოდის საგამოძიებო კომისიის საკითხი. ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმაზე, რომ 50-ვეს მობილიზება მოხდეს პარლამენტში და იმის მოლოდინი გვაქვს, რომ თითოეული დეპუტატი პასუხისმგებლობით მოეკიდება იმ მანდატს, რომელიც მათ ხალხისგან აქვთ და შევძლებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას. არსებობს რამდენიმე დეპუტატი, რომლებთანაც კიდევ მიმდინარეობს მუშაობა და დაზუსტება, რომ სამშაბათს ისინი მოვიდნენ", - თქვა თეონა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, პარლამენტის რიგგარეშე სესია, რომელზეც მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა დამდგარიყო 11 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ენმ-ის ორი დეპუტატი - ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ, ოპოზიცია ხმებს ვერ აგროვებდა.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულეს. თავის მხრივ, ხაბეიშვილი და წითლიძე ამბობდნენ, რომ მათი მივლინების შესახებ მანამდე იყო ცნობილი.
ამავე თემაზე: ნატალი ჯახუტაშვილი