მერიის ქონების ნაწილი არაა აღრიცხული ბუღალტრული ანგარიშგების შესაბამის მუხლებში - აუდიტი

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიის 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გააჩნია მნიშვნელოვანი მოცულობის ქონება (შენობა-ნაგებობები, გზები, ხიდები, მიწა და სხვ.), რომლებიც არ არის გამოხატული ფულად ღირებულებაში, რის გამოც აღნიშნული ქონება არ არის აღრიცხული ბუღალტრული ანგარიშგების შესაბამის მუხლებში.

აუდიტის სამსახურის თქმით, ეს პრობლემა მუნიციპალიტეტს მოჰყვება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. საკითხის მოგვარება დაკავშირებულია არსებით ფინანსურ დანახარჯებთან.

"თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ძირითადი აქტივების სრულად აღრიცხვას უზრუნველყოფს გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე. კერძოდ, სსბასს-ის დანერგვიდან ხუთი წლის განმავლობაში. 4 გამომდინარე აღნიშნულიდან, ამ ეტაპზე ვერ მოვიპოვეთ საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მივიღებდით რწმუნებას ფინანსური ანგარიშგების მუხლებში (ძირითადი აქტივები) ასახული თანხის სისრულესა და სისწორეზე. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფი ვერ გამოთქვამს მოსაზრებას ქონების ამ ნაწილთან მიმართებით", - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

გარდა ამისა, აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორად არის განხორციელებული ელიმინირების პროცესი.

კერძოდ, აუდიტის დასკვნის თანახმად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში მონაწილე ერთეულებს - საბურთალოს რაიონის გამგეობას, ვაკის რაიონის გამგეობას და ა(ა)იპ − ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ბუღალტრულ ჩანაწერებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში „შიდა ტრანსფერებით შემოსავლების“ მუხლში არ აქვთ ასახული ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავლები 4,625,530 ლარი. შესაბამისად კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, აღნიშნული თანხა ელიმინირებული არ არის. 

გარდა ამისა აუდიტის სამსახურის დასკვნაში საუბარია აღურიცხავ დებიტორულ დავალიანებებზე. ანგარიშის თანახმად, მერიის საფინანსო სამსახურს, მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქონების მართვის სააგენტოს მიერ არ მიეწოდება ინფორმაცია სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებისა და მოიჯარეებიდან მისაღები თანხის შესახებ. სამსახურებს შორის არასათანადო კოორდინაციის გამო, დაკისრებული ჯარიმები და საიჯარო დავალიანებები ბუღალტრულ აღრიცხვაში დებიტორულ დავალიანებად არ აღიარდება.

"აუდიტის ჯგუფმა მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან და ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანების შესახებ. მუნიციპალური ინსპექციიდან წარმოდგენილი ინფორმაციით, 2021 წელს სამშენებლო წესების და სხვადასხვა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გადაუხდელი საჯარიმო თანხა შეადგენს 609,260 ლარს, რაც მუნიციპალიტეტის მიერ აღრიცხული არ არის. ქონების მართვის სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციით, გადაუხდელი საიჯარო ქირა (პირგასამტეხლოს ჩათვლით) შეადგენს 1,497,073 ლარს. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, გადაუხდელი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოშობილია როგორც 2021 წელს, ისე გასული პერიოდებიდან. მუნიციპალიტეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის. შედეგად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებების“ მუხლი არ არის გაზრდილი 2,106,333 ლარით. აღნიშნული თანხით არ არის გაზრდილი მიმდინარე პერიოდის შემოსავლებიც, რაც გავლენას ახდენს ფინანსური ანგარიშგებაში ასახული წმინდა აქტივები/კაპიტალის მუხლის სისწორეზე", - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი