
Reuters- ის ინფორმაციით, ბრიტანეთის სტანდარტების საპარლამენტო კომისარმა, დანიელ გრინბერგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკის წინააღმდეგ ფინანსურ დეკლარირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოცემა წერს , რომ კომისარი გრინბერგი პასუხისმგებელია ქცევის კოდექსისა და თემთა პალატის რეესტრების ფუნქციონირების მონიტორინგზე, მათ შორის, სავარაუდო დარღვევის გამოძიებაზე.
ამ კოდექსის მიხედვით, ბრიტანეთის პარლამენტის ყველა წევრს მოეთხოვება "გაამჟღავნოს ნებისმიერი ფინანსური ინტერესი, რომელმაც, სხვების აზრით, შეიძლება გავლენა იქონიოს პარლამენტის წევრის ქმედებებზე, გამოსვლებზე, ხმებზე, ან მის მიერ, როგორც წევრის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე".
სუნაკის ოფისმა პირობა დადო, რომ ყველანაირად დაეხმარება და ხელს შეუწყობს გამოძიებას დეკლარაციის გამჭვირვალობის დასამტკიცებლად.
გამოძიებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
თუ გამოძიება აღმოაჩენს, რომ სუნაკმა ქცევის კოდექსი დაარღვია, კომისარს შეუძლია მოსთხოვოს მას აღიაროს და ბოდიში მოიხადოს დარღვევისთვის, ასევე განსაზღვროს ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი მომავალი შეცდომები.