
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სასამართლო სისტემაში კორუფციული ფაქტების გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა.
"იმისთვის, რომ ოპოზიციამ სერიოზულობა კიდევ ერთხელ აჩვენოს დღეს საზოგადოებას, იქნებ თავი შეიწუხოს ოპოზიციის წევრებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც გამოცხადდნენ და ზეგაც", - განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს. "ოცნება" ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, რადგან ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემაში გამოსაძიებელი არაფერია. კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ოპოზიციამ მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ მოსამართლეს კორუფციული საქმიანობის გამო, სანქციები დაუწესა და შტატებში შესვლა აუკრძალა. სანქცირებული მოსამართლეები არიან ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია, ვალერიან ცერცვაძე.