
სუდანში გასამხედროებული სწრაფი რეაგირების ძალები (RSF) 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ, რათა დაპირისპირების ადგილიდან უსაფრთხოდ გაიყვანონ მოქალაქეები და მიიღონ ჰუმანიტარული დახმარება.
გავრცელებულ განცხადებაში RSF-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან და "სხვა მეგობარ ერებთან" საუბრის შემდეგ.
"RSF კიდევ ერთხელ ადასტურებს 24 საათიანი ზავის ამოქმედებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილება და დაჭრილების ევაკუაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
RSF-ის ლიდერმა განცხადებაში სუდანის არმია მანამდე დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ჯარისკაცები სავარაუდოდ, "ბომბავდნენ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს და საფრთხეს უქმნიდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს".
"ეს ქმედებები არის საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლებისა და პრინციპების უხეში დარღვევა", - ამბობს მოჰამედ ჰამდან დაგალო.
ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს სუდანის არმიას.
სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის დაპირისპირება გრძელდება. შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე აღწევს.