
„დარწმუნებული ვარ, გამოიკვეთებიან სხვა მოსამართლეებიც, ვისაც შემდეგ ეს ოთხი მოსამართლე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა ან ზეწოლას ახორციელებდა. ამიტომ, ამ ადამიანების მიერ გამოტანილი ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, სწორედ სასამართლო სისტემაა:
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩამოთვალა ოთხი სახელი და გვარი და დაასანქცირა: ჩინჩალაძე, მურუსიძე, შენგელია და ცერცვაძე და განმარტა, რომ საუბარია ღამის ზარებზე, კორუფციაზე, აღებ-მიცემობაზე, შანტაჟსა და მუქარაზე. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად არ თქვა ის, რომ ჩინჩალაძე და მურუსიძე ერთმანეთს ურეკავენ და ერთმანეთზე ახორციელებენ ზეწოლას, ანუ არსებობენ გარეშე პირები, მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, მაგალითად, პროკურორი შოთაძე ან „ქართულო ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ან გრიგოლ ლილუაშვილი, ვისაც შეუძლია ზეწოლა განახორციელოს მოსამართლეებზე. ანუ ამერიკელებმა ის კი არ თქვეს, რომ ეს ოთხი მოსამართლე ერთმანეთს აშანტაჟებს ან ერთმანეთს ურეკავს, რომ კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩაერიონ, არამედ მათ თქვეს, რომ ასეთი დანაშაულები არსებობს.
შესაბამისად, უნდა მოემზადონ შემდეგში პროკურორები, მაღალი თანამდებობის პირები, სუს-ის ხელმძღვანელი, რომელიც სავარაუდოდ, ჩართულია. ასევე დარწმუნებული ვარ, სხვა მოსამართლეებიც გამოიკვეთება, ვისაც შემდეგ უკვე ეს ოთხი მოსამართლე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა, ან ზეწოლას ახორციელებდა. ამ ადამიანების მიერ გამოტანილი ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, მათ შორის, პრეზიდენტი სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლაზარე გრიგორიადისი. სხვანაირად წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.