
მმართველი პარტიის თავმჯდომარე კობახიძემ, სასამართლოში 2012 წლამდე არსებული პერიოდი და ამჟამინდელი მდგომარეობა ერთმანეთს შეადარა.
„2012 წლიდან 3-ჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი საქართველოში. ასევე, 3-ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. 5-ჯერ ნაკლებია ჯარიმების მოცულობა, რაც საქართველოს მოქალაქეებს გამოუწერეს. 18-ჯერ შემცირდა გირაოს მაჩვენებელი. 2-ჯერ შემცირდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობები“, - განაცხადა კობახიძემ და დეპუტატ ხათუნა სამნიძეს მიმართა, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
კობახიძის თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, დღეს სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილებებია, რადგან მისივე თქმით, სასამართლო გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან.
„რადიკალური ცვლილება გვაქვს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ამხელა ცვლილება. ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან სასამართლო სისტემა. მიზეზი ხომ არა არის ის, რომ სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან. ეს არის რეალობა, რასთან დაკავშირებითაც მინდა დაგისვათ შეკითხვა, რას დაარქმევდით ამას, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება 2012 წლის შემდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე სავარაუდოდ დღეს დადგება. მას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. კომისიის შექმნას "ქართული ოცნება" მხარს არ უჭერს.