"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელების არჩევნებზე ისაუბრა. მისი თქმით ენმ-მ ბოლო 1 თვეში რეგიონებში 45 ახალი ოფისი გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მზადაა ინფრასტრუქტურა, რათა არჩევნები ყველა მუნიციპალიტეტეში ჩატარდეს.
"საუბარია 73 საარჩევნო ე.წ. ოლქზე, ყველგან ჩატარდება არჩევნები და ენმ-ის ამომრჩევლები მიიღებენ გადაწყვეტილებას ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე, ყველა რაიონს, ქალაქს, მუნიციპალიტეტს ანუ 73-ვეს ეყოლება წარმომადგენელი პოლიტსაბჭოში" ,- თქვა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, 30 აპრილამდე უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
"30 აპრილამდე ენმ-ის ცენტრალურ ოფისში მოგვმართეთ წერილობით, რომ ჩაერთოთ სამუშაო ჯგუფში, ან გაქვთ რაიმე სხვა ინიციატივა. 30 აპრილიდან სამუშაო ჯგუფს დაევალება კონკრეტული თარიღების გამოცხადება, წესის შემუშავება იმისთვის, რომ ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, ყველა მუნიციპალიტეტში არჩეული იქნენ ამომრჩევლის მიერ და არა დანიშნული ყველა ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომლებსაც წარმომადგენლობა ეყოლებათ პოლიტიკურ საბჭოში",- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, 73 წევრის მანდატი სრულად გადაეცა ენმ-ის ამომრჩეველს და ყველას შეუძლია მონაწილეობა როგორც არჩევნებში, ასევე, სამუშაო ჯგუფში.