
"ტაბულას" ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის გამოტანილ განაჩენზე - 2 200-ლარიან ჯარიმის დაკისრებაზე, ამბობს, რომ მას ჰქონდა ყველა მტკიცებულება, მაგრამ მოსამართლემ მხოლოდ პოლიციელის ზეპირი ჩვენება მიიღო მხედველობაში.
"რაც მოვასწარი სხვების დაკავება 3-4 ადამიანის გადავიღე, გავაგზავნე რედაქციაში და უცებ ძალიან მალე ხელს გამაყოლეს, უცებ მომვარდა 4 პოლიციელი და წამათრიეს. მედავებოდნენ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, უმისამართო ლანძღვა-გინებასა და ხელისშეშლას სხვების დაკავების დროს პოლიციელისთვის. მქონდა ყველაფერი საწინააღმდეგო ფაქტებით და მტკიცებულებებით რასაც მედავებოდნენ, მაგრამ მოსამართლემ როგორც ხდება ხოლმე ამ საქმეებზე გაითვალისწინა პოლიციელის ზეპირი ჩვენება და იმის საფუძველზე გამომიტანა განაჩენი 2 200 ლარი ჯარიმის სახით",- ამბობს ბექა ჯიქურაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ "ტაბულას" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა.
ჯიქურაშვილი გამოცემა "პუბლიკის" დირექტორთან, ზურა ვარდიაშვილთან ერთად 2 მარტს, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. ისინი რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ "პუბლიკას" თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი ასევე სამართალდამრღვევად ცნო და ისიც 2 200 ლარით დააჯარიმა.
ავტორი: საბა ბუაძე