თბილისის საქალაქო სასამართლომ "პუბლიკას" თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს.
ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
როგორც "პუბლიკა" წერს, ჟურნალისტისთვის შედგენილ ოქმში წერია, რომ „ვარდიაშვილი იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა“.
მათივე ცნობით, ვარდიაშვილი ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ოქმში მოყვანილი არცერთი გარემოება, ასევე, საქმის განხილვაზე შსს-ს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ვარდიაშვილი ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ იგი იგინებოდა და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ვარდიაშვილთან ერთად სამართალდამცველებმა 2 მარტის საპროტესტო აქციაზე დააკავეს "ტაბულას" ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილიც.